Quantcast
Channel: Democracy & Freedom Watch
Viewing all 904 articles
Browse latest View live

პანკისში „შარლი ებდოს“ კარიკატურები გააპროტესტეს

$
0
0
საპროტესტო აქცია დუისში („ინტერპრესნიუსი“)

საპროტესტო აქცია დუისში („ინტერპრესნიუსი“)

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ორშაბათს ფრანგული სატირული გაზეთის, „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ, რომელმაც 14 იანვარს მოციქულ მუჰამედის ამსახველი კარიკატურა გამოაქვეყნა, საპროტესტო აქცია გამართეს.

სოფელ დუისის მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ კარიკატურა მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელია და, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ტერორისტების თავდასხმის ობიექტი გახდა, ის სიტყვის თავისუფლების ნიღბით ისლამის მიმდევართა  შეურაცხყოფას განაგრძობს. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა ტერორიზმიც დაგმეს.

„დღეს ჩვენ ვგმობთ კარიკატურებს, რომლებიც ყველა რელიგიას შეეხო და შეურაცხყო ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის წმინდათა წმინდაა,“ განაცხადეს ორგანიზატორებმა. „არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შენიღბავენ ამას, „დემოკრატიას“ უწოდებენ თუ „სიტყვის თავისუფლებას“, ასეთ ქმედებას გამართლება არა აქვს. გამოხატვის თავისუფლება ვინმეს რწმენის დაცინვაში არ უნდა გამოიხატებოდეს. “დემონსტრაციის პარალელურად ჩატარდა ლოცვაც. მონაწილეები აცხადებენ, რომ მოციქულ მუჰამედის დაცვა მათი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.

პანკისის ხეობა ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაციის ნაწილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. მოსახლეობის უმრავლესობა აქ მუსლიმი ქისტია.

ათობით ახალგაზრდა პანკისის ხეობიდან სირიაში, ისლამური ხალიფატის რიგებში იბრძვის და მინიმუმ რვა მათგანი იქ დაიღუპა. http://dfwatch.net/one-more-georgian-jihadist-dies-in-syrian-war-99679

საქართველოს მთავრობა ამზადებს ახალი კანონპროექტს, რომელიც სანქციებს აწესებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში იბრძვიან. http://dfwatch.net/georgia-plans-new-measures-as-one-more-fighter-dies-in-syria-war-51952

12 ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისას. მანამდე გამოცემამ, მოციქულ მუჰამედის გარდა, ისლამური ხალიფატის ლიდერის, აბუ ბაქრ ბაღდათის კარიკატურაც გამოაქვეყნა.

 


ისლამის სპეციალისტი საქართველოში ისლამოფობიის ზრდას არ ადასტურებს

$
0
0
რუსლან ბარამიძე (მარცხნივ) საველე სამუშაოების წარმოებისას

რუსლან ბარამიძე (მარცხნივ) საველე სამუშაოების წარმოებისას

იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოს პრესა სავსეა სტატიებით ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებზე, როგორიცაა ისლამური ხალიფატი და ბოკო ჰარამი, ბევრ ქვეყანაში მაჰმადიანად ყოფნა საკმაოდ რთულია. საქართველოში ამ რელიგიას ყოველი მეათე მოქალაქე მისდევს. რა ვიცით ისლამზე საქართველოში? იზრდება თუ არა აქაც ისლამოფობია? DFWatch-მა ამ და სხვა კითხვებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარს, თანამედროვე საქართველოში ისლამის საკითხების  ექსპერტს, რუსლან ბარამიძეს მიმართა.
ზოგადად, საქართველოში ისლამის აღორძინება შეიმჩნევა?

ისლამის  აღორძინებაზე საუბარი არ იქნება სწორი, რადგან ეს რელიგია არც არასდროს ყოფილა მიძინებული. ამის ნაცვლად ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ტრადიციული ისლამი ადგილს უთმობს უფრო ყურანზე დაფუძნებულ ისლამს და ხდება მისი ინსტიტუციონალიზაცია. ინსტიტუციონალიზაციის პროცესი 1990-იან წლებში დაიწყო და კულმინაციას 2011 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მუსლიმთა საბჭო დარეგისტრირდა. ამასთან ერთად მიმდინარეობს სხვა პროცესებიც, მაგალითად, ახალგაზრდები რელიგიურ განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, გაიზარდა დაფინანსება.  სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში განხორციელებული სხვადასხვა საქმიანობის გამო ისლამი სულ უფრო პოპულარული ხდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ისლამის აღორძინება კი არ მიმდინარეობს, უბრალოდ ის უფრო საჯარო გახდა და ერთგვარი ოფიციალური ფორმა შიეძინა.

გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისლამზე, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას ვგულისხმობთ – საკუთრივ რელიგიას თუ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგში გააჩნიათ, დაწყებული მუფთიატიდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული?!

უფრო დეტალურად, რა ჯგუფებს გულისხმობთ?
პირველ რიგში, საქართველოში ისლამის ერთიანი აღქმა  არ არსებობს და სხვადასხვა ისლამურ ჯგუფებს განსხვავებული ხედვა გააჩნიათ.

ამ მხრივ საქართველოში მთავარი გამყოფი ხაზი არსებობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შიიტებსა და სუნიტებს შორის, ისევე როგორც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმებს შორის. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია.

ადმინისტრაციულ დონეზე შეიძლება გამოიყოს ორი ჯგუფი. ერთს წარმოადგენს ახალგაზრდა, განათლებული და ამბიციური თაობა. ეს ძალიან ამბიციური ხალხია და როდესაც გარკვეული რელიგიური მიზნების მისაღწევად  იბრძვიან, პირველ რიგში საკუთარ კარიერულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი. მეორე ჯგუფი შედგება ძალიან კომუნიკაბელური ადამიანებისგან, რომლებსაც კარგად ეხერხებათ მოლაპარაკებების წარმოება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან.

გარდა ამისა, არსებობენ ასევე მარგინალები, რომლებსაც არ მომწონთ ის პროცესები, რაც დღეს მუსლიმურ თემში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფუნდამენტალიზმით გამოირჩევიან, გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფებიან და მათი მრწამსი მხოლოდ რბილ ფორმებში გამოიხატება, როგორიცაა სპეციფიკური ტანსაცმელი, ქცევა, იდეები მუსულმანური საზოგადოებისა და არსებული ნორმების შესახებ.

მაგრამ, ამავე დროს, არსებობს უფრო რადიკალური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას ცდილობენ და აქტიურად იბირებენ მომხრეებს სოციალური ქსელებით, გაზეთებითა და სხვა საშუალებებით. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რადიკალური ჯგუფები მცირერიცხოვანია, რადგან მეინსტრიმ რელიგიურ მიმდინარეობას არც თუ დიდი ხნის წინ გამოეყვო და მათი იდეები  სხვა მუსლიმებში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობს.

ხედავთ რაიმე ცვლილებას მუსლიმების დამოკიდებულებაში „ისლამური ხალიფატის“ რიგებში პანკისის ხეობის მკვიდრთა ბრძოლის , ქვემო ქართლში მამაკაცების მიერ  ცოლების მკვლელობის ან პარიზის ტერაქტების ფონზე?

მე ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებას. ჩვენი საზოგადოების სოციალურად აქტიური წევრები მუსლიმებს ჩვეულებრივ რელიგიურ ჯგუფად განიხილავენ, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი რიტუალები და ტრადიციები. თუმცა ზოგადად საზოგადოება მათ ქართული იდენტობის ნაწილად არ აღიქვამს. კი, მათ ქართველ მუსლიმებს უწოდებენ, მაგრამ ქართველებად მხოლოდ ნაწილობრივ აღიქვამენ.

გარდა ამისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურ გამოცდილებასაც. მაგალითად, სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან, თითქოს ისლამი ყოველთვის უკავშირდება აგრესიასა და ომს. ასე რომ, ბევრი ადამიანი მას აგრესიულ რელიგიად განიხილავს.

მიუხედავად იმისა, საქართველოში მუსლიმების მიმართ რაიმე განსაკუთრებულ აგრესიას მე ვერ ვამჩნევ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული დაპირისპირება ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ყველა ამ კონფლიქტს, სავარაუდოდ, პირადი ხასიათი აქვს და არა რელიგიათშორისი, იმისდა მიუხედავად, თუ რას და როგორ აშუქებს მედია, და როგორ წარმოადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში აგრესიული ისლამოფობია არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

საქართველო რელიგიური უმცირესობების დაფინანსებას აორმაგებს

$
0
0
catholic_midnight_mass_tbilisi_2014

კათოლიკეების შუაღამის მესა თბილისში. (DF Watch.)

თბილისი, DFWatch – საქართველოს მთავრობა ტრადიციული რელიგიური ჯგუფებისთვის 3.5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს და აპირებს, ტოლერანტობის იდეას თბილისის ცენტრში ახალი სკვერი მიუძღვნას.

როგორც ადრე DF Watch იუწყებოდა, ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის მზარდი უთანხმოება შეიმჩნეოდა.

მუსულიმები შიგადაშიგ პრობლემებს აწყდებოდნენ სალოცავ ადგილებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებს კი ფიზიკურად ესხმოდნენ თავს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჯეროვანი რეაგირება არ მოსდევდა-ხოლმე.

ამ მოვლენების ფონზე მთავრობამ  2014 წლის თებერვალში რელიგიური საკითხების  სახელმწიფო სააგენტო ჩამოაყალიბა.

ამ უწყების შესახებ, რომელიც არც თუ შესაშური მონდომებით თანამშრომლობს მედიასთან, საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომლის ფუნქციაც, მისი წესდების თანახმად, არის რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო, კვლევითი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობის წარმოება.

ორშაბათს დაწესებულების ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განმარტა, რომ 2014 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან ოთხ რელიგიურ უმცირესობას 1.75 მილიონი ლარი  დაურიგეს, რაც საბჭოთა კავშირის მიერ მათთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას წარმოადგენს. 1.1 მილიონი ლარი მუსლიმებს ერგო, 300,000 – სომხურ სამოციქულო ეკლესიას, 200,000 – კათოლიკურ ეკლესიასა და 100,000 ებრაულ თემს.

per_capita_funding_religious

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 2014 წელს ერთ სულ მიმდევარზე (წყარო: 2002 წლის აღწერის მონაცემები; რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.)

მისი თქმით, 2015 წელს სააგენტო სახელმწიფოსა და სხვადასხვა რელიგიურ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს. ამ საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს საბჭოთა რეპრესიების შედეგად მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას შესთავაზებს და მხარს დაუჭერს დიალოგს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო შორის, შეიქმნება ამ საკითხზე მომუშავე სპციალური  კომიტეტები და კომისიები, და მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში მულტირელიგიურობისა და მულტიკულტურალიზმის განმტკიცების მიმართულებით.

წელს სახელმწიფო აპირებს ოთხ რელიგიურ უმცირესობას, ე.წ. “ტრადიციულ რელიგიებს”, შარშანდელზე ორჯერ მეტი თანხა – 3.5 მილიონი ლარი – გაუნაწილოს.

სხვა რელიგიური ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, იეზიდები და სხვა, “ტრადიციულ რელიგიებად” არ განიხილება და, შესაბამისად, მათთვის ფინანსური დახმარება გათვალისწინებული არ არის.

other_religions_georgia

საქართველოს სხვა რელიგიური ჯგუფების მიმდევრების ხვედრითი წილი (წყარო:რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2014 წელს და წლეულსაც 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა აუნაზღაურდეს საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1920 და 1930 წლებში, მიყენებული ზიანი.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი ღონისძიებაა სპეციალური რელიგიური კალენდრის გამოცემა, სადაც აღნიშნულია არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმების, სომხების, კათოლიკეებისა და ებრაელების რელიგიური დღესასწაულები. შეგახსენებთ, რომ ასეთი კალენდარი შარშან უკვე დაიბეჭდა.

ამას გარდა, სააგენტო, თბილისის მერიასთან ერთად, ტოლერანტობის მოედნის გახსნას გეგმავს, რომელიც ევროპის მოედნის სიახლოვეს იქნება. ამ მოედანზე საქართველოში რელიგიური ტოლერანტობისთვის მიძღვნილი ქანდაკება უნდა დაიდგას.

აქტივისტები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ

$
0
0
'მეტი ქალი პარლამენტში' (DF Watch)

‘მეტი ქალი პარლამენტში’ (DF Watch)

თბილისი, DFWatch – ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – 53 პროცენტს – შეადგენენ, თუმცა პოლიტიკაში ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილი, აცხადებენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები.

8 მარტს ამ ორგანიზაციამ თბილისსა და საქართველოს 24 სხვა ქალაქსა და დაბაში პოლიტიკაში ქალების როლის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

კვოტირების სისტემა

დედაქალაქში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რუსთაველის გამზირზე კვოტირების სისტემის შემოღების მოთხოვნით მანიფესტაცია ჩაატარა.

ქალთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ DFWatch-ს უთხრა, რომ ისინი პარტიულ სიებში კვოტების შემოღებისთვის იბრძვიან. იდეა არის ის, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანების პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე კანდიდატი ქალი იყოს, რაც 150-წევრიან პარლამენტში, სულ მცირე, 38 ქალი პარლამენტარის მოხვედრას უზრუნველყოფს, რაც 25 პროცენტს შეადგენს.

ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 17 ქალი დეპუტატია. ქვემოთ დიაგრამა გვიჩვენებს ქალი დეპუტატების პროცენტულ წილს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში, 1991 წლიდან მოყოლებული, რომელიც ეფუძნება UNDP-ის მიერ  2013 წელს ჩატარებულ კვლევას გენდერული თანასწორობისა და აღქმის შესახებ.

 ქალი დეპუტატები საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

ქალი დეპუტატები საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

ქალები ქართულ პოლიტიკაში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელთან შედარებით პარლამენტში ახლა მეტი ქალია, ისინი მაინც მხოლოდ 11 პროცენტს შეადგენენ, რაც ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში  ქალთა პროცენტული მაჩვენებლის მხრივ, საქართველოს 190 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზე აყენებს.

17 ქალი პარლამენტარიდან 12 მმართველი კოალიციის წევრია, 5 კი ოპოზიციის. პარლამენტის 15 კომიტეტიდან  ქალი მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს, ხუთში კი თავმჯდომარის მოადგილეა. გარდა ამისა, 20 მინისტრიდან ქალი მხოლოდ სამია.

ქალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებშიც ქალების პროპორცია მხოლოდ 11 პროცენტია,  და ეს რიცხვი არ შეცვლილა ათწლეულების განმავლობაში. თელავის, მცხეთის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოში არცერთი ქალიც  არ არის. საქართველოს 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთის გამგებელია ქალი. ამასთანავე არც ერთი მერი და გუბერნატორი ქალი არ არის.

ტრადიციული გენდერული როლები

მიუხედავად ფემინისტური აქტივიზმის მზარდი ხილვადობა, საქართველოში პოლიტიკა კვლავ ძირითადად მამაკაცის საქმედ აღიქმება, სადაც ქალის ადგილი თითქმის არ არის. ეს აღქმა UNDP-ის (გაეროს განვითარების ფონდი) ზემოთნახსენებ კვლევაშიც არის ასახული. ეს იმითაა განპირობებული, რომ საქართველოში ქალი მამაკაცზე უფრო სუსტ და ემოციურ არსებად მიიჩნევა, პოლიტიკოსი კი მტკიცე უნდა იყოს.

ამას გარდა, საქართველოში ჯერ კიდევ მტკიცედაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქალი იმდენად არის დაკავებული ოჯახის საშინაო საქმეებით, რომ პოლიტიკური აქტივობა მისთვის რთული იქნება. ამიტომ, თუ ქალმა პოლიტიკური კარიერა აირჩია, მეუღლისა და საკუთარი სოციალური წრის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

UNDP-ის კვლევა ასკვნის, რომ ყველაფერი ეს გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა განპირობებული, სადაც ქალი ოჯახის ჯერას არის მიჯაჭვული, კაცი კი უფრო კარიერასა და ოჯახის მარეტიალურ უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მიუხედავად ამისა, თუ ქალმა მაინც გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, ის უფრო ისეთ  სფეროებში მოიაზრება, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მოგვარება, სოციალური პრობლემები, ქალთა უფლებების სფერო ან დიპლომატიური მისია. ამავე დროს, ითვლება, რომ მამაკაცს პოლიტიკის ყველა სფეროში შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.

სოციალური ცვლილებები?

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში NDI-სა და CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი უფრო პოზიტიურ სურათს ხატავს. გამოკითხულთა 64 პროცენტმა აღიარა, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არის, ნახევარზე მეტმა კი (55 პროცენტი) განაცხადა, რომ პარლამენტში მხოლოდ 17 ქალი ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების ხვედრითი წილი მინიმუმ 30 პროცენტი მაინც უნდა იყოს, და თითქმის იმდენივე (68 პროცენტი) ამბობს, რომ მზად არის გენდერული კვოტების შემოღებას მხარი დაუჭიროს.

ბაია პატარაიამ აქციის შემდეგ DFWatch-ს განუცხადა, რომ ეს შედეგი სოციალური ცვლილების ნიშანია და რომ ხალხი გენდერული კვოტების და პოლიტიკაში ქალის როლის გაზრდისთვის  უკვე მზად არის.

მესხებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

$
0
0
იუსტიციის სახლი თბილისში (ინტერპრესნიუსი.)

იუსტიციის სახლი თბილისში (ინტერპრესნიუსი.)

თბილისი, DFWatch – სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის  მიღებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სასამართლოში დაიცენ.

იუნის არიფოვი უკვე რვა წელია, რაც  ახალციხეში ცხოვრობს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მამა-პაპისეულ მიწაზე დაბრუნება გადაწყვიტა. ის ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რადგან უკვე აქვს აზერბაიჯანის მოქალაქეობა, და მისი გაუქმებისას პრობლემას აწყდება. როგორც რეპატრიანტს, ის უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა მაშინვე, რაც უარს იტყვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, თუმცა ამ პროცედურისთვის განკუთვნილი ორწლიანი ვადა უკვე ამოიწურა და ვერც იუნისმა და ვერც მისი ოჯახის წევრებმა ეს ვერ მოახერხეს, მამამისის გარდა.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეობის არქონა არიფოვების ოჯახს არავითარ პრობლემას არ უქმნიდა 2014 წლის სექტემბრამდე, სანამ ახალი საიმიგრაციო კანონი შევიდოდა ძალაში. ახლა კი არიფოვებს საქართველოში დასარჩენად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება ესაჭიროებათ.

მაგრამ, არიფოვებს ამაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, თითქოს ისინი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამ მხრივ არიფოვების ოჯახი გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის”  ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, იგივე პრობლემის წინაშე დგას დაახლოებით 140 რეპატრირებული მესხი. მისი განცხადებით, “ბინადრობის ნებართვის მსურველთა  თითქმის ოთხმოცმა პროცენტმა ასეთივე უარყოფითი პასუხი მიიღო.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” (TI) აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სავარაუდო საფრთხის საფუძველზე ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა საქართველოში  ჩვეულებრივი პრაქტიკად ჩამოყალიბდა.  პროცედურა ასეთია: შსს-ს კონტრდაზვერვის სააგენტო აპლიკანტებს ამოწმებს და დასკვნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადასცემს, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაცემა-არგაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. აღსანიშნავია, რომ კონტრადაზვერვის დასკვნას თან ახლავს შესაბამისი დასაბუთება, რომელიც გასაიდუმლოებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდაზვერვის სააგენტოს დასკვნას კანონით მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათი აქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ ავტომატურ რეჟიმში ითვალისწინებს.

იუნის არიფოვისა და მისი ოჯახის ინტერესებს სასამართლოში “ტოლერანტი” და “ადამიანის უფლებათა სახლი” იცავს. მათი ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აღნიშნავს, რომ არიფოვები საქართველოში  უკვე რვა წელია რაც ცხოვრობენ, ფლობენ მიწის ნაკვეთსა და სხვა ქონების და არა აქვს კრიმინალური წარსული. გამომდინარე აქედან, არალოგიკურია მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის რაიმე საფრთხის მოლოდინი. მისივე თქმით, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა ოჯახის ფაქტობრივ განცალკევებას ნიშნავს, რადგან იუნისის მამა საქართველოს მოქალაქეა.

მესხები, რომელთაც ზოგჯერ “თურქ მესხებსაც” უწოდებენ, ადრე სამცხე-ჯავახეთში სახლობდნენ. ისინი მუსლიმები არიან, და მათი მშობლიური ენაა აღმოსავლეთ ანატოლიის თურქული დიალექტი. ეს ხალხი სტალინის ბრძანებით 1944 წელს მთლიანად გაასახლეს ცენტრალურ აზიაში, სულ 100,000-ზე მეტი  ადამიანი. მესხებს, იმავე ეპოქაში დეპორტირებული სხვა ხალხებისგან განსხვავებით, როგორიცაა ყირიმელი თათრები, ინგუშები და ჩეჩნები, სტალინის რეჟიმის დასრულების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების საშუალება არ მიეცათ.

1989 წელს უზბეკეთის ფერგანას ოლქში, სადაც დეპორტირებული მესხების დიდი ნაწილი ცხოვრობდა, მოხდა სისხლიანი ეთიკური კონფლიქტი მესხებსა და უზბეკებს შორის, რის შედეგადაც მესხებს ამ ადგილების დატოვებაც მოუწიათ. ამჟამად მათი უმრავლესობა აზერბაიჯანში ცხოვრობს, ნაწილი რუსეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა და ქვეყნის ხელისუფლებამ  მესხების რეპატრიაციის  ვალდებულება აიღო.

2007 წელს საქართველოს პარლამენტა მიიღო რეპატრიაციის  კანონი, რომელიც მესხებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ამ კანონის თანახმად, დაბრუნების მსურველ მესხებს ორი წლის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ და შეეძლოთ რეპატრიანტის სტატუსის მიღება.
უმცირესობების საკითხების ევროპული ცენტრის თანახმად, 2015 წლის 2 მარტის მონაცემებით, საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მქონე  იყო 1,533 ადამიანი იყო, მოქალაქეობა კი 320 მათგანს ჰქონდა მინიჭებული.

სექსუალურ იდენტობაზე კონფერენციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა

$
0
0
(DF Watch)

(DF Watch)

თბილისი, DFWatch – თბილისში სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებულმა კონფერენციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედავად კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციისა.

სტუდენტურ აუდიტორიაზე ორიენტირებული კონფერენცია “იდენტობის” ორგანიზებული იყო, რომელიც სექსუალური იდენტობის საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე  მუშაობს და თბილისის ცენტრში, შალვა დადიანის ქუჩაზე არსებულ ევროპის სახლში გაიმართა.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ცხრამეტმა სტუდენტმა ჰომოფობიაზე, მასკულინობაზე, ფემინიზმზე, ჰომოსექსუალიზმზე, ტრანსგენდერიზმსა და სხვა მსგავს საკითხებზე თავიანთი კვლევები წარმოადგინა.

ღონისძიებას პოლიციის საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის ჯგუფი იცავდა და მის მონაწილეებს არა ცენტრალური, არამედ სათადარიგო შესასვლელიდან მოუწიათ შენობაში შესვლა.

“იდენტობის” პრესსპიკერმა, ანა რეხვიაშვილმა DFWatch-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ  კონსერვატიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი შენობის წინ საპროტესტო გამოსვლას გეგმავდა.

მათ ფეისბუქის მეშვეობით სცადეს მომხრეების მობილიზება და კონფერენციაზე დამსწრეებისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა, თუმცა როდესაც DFWatch  ადგილზე მივიდა,  შენობის შესასვლელთან მხოლოდ პოლიციელების დიდი ჯგუფი შენიშნა, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი არსად ჩანდნენ.

რა იწვევს გენდერულ უთანასწორობას შრომით ბაზარზე

$
0
0
ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო)

ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო)

თბილისი, DFWatch – საშუალოსტატისტიკური ქალის შემოსავალი საქართველოში მამაკაცის შემოსავლის 2/3-ს შეადგენს, რაც შრომის ბაზარზე არსებული სეგრეგაციითა და გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა გამოწვეული.

ქალთა პოლიტიკის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის  (IWPR) მონაცემებით,  გლობალური მასშტაბით, ქალის ხელფასი მამაკაცისას მხოლოდ 2058 წელს გაუტოლდება. 2013 წელს კი საშუალოსტატისტიკური ქალის ხელფასი მამაკაცისის ხელფასის მხოლოდ 78%-ს შეადგენდა.

კავკასიაში ეს სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში 47.5%-ს, სომხეთში კი 64%-ს.

2014 წლის ივნისში თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა საქართველოს შრომის ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის კვლევა ჩაატარა. მათ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული 1364 ადამიანი  გამოკითხეს.

როგორც ცენტრის კვლევამ აჩვენა, საქართველოში საშუალოდ ქალის ხელფასი 251-400 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მამაკაცისა კი 401-700 ლარია. კვლევის თანახმად, სამსახურში დაწინაურების და ხელფასის ზრდის მხრივ ორივე სქესს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ქალებს, მამაკაცებთან შედარებით,  პრემიის მიღების დაბალი შანსი გააჩნიათ (34% და 66% შესაბამისად).
ამავე დროს, ქალების მხოლოდ 53% და მამაკაცების  42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ერთი და იგივე თანამდებობაზე სქესის მიხედვით სხვადასხვა გასამრჯელოს დაწესება დისკრიმინაციულია. როგორც მკვლევარები აცხადებენ, თუ თანაბარი შესაძლებლობების  პრინციპი ფუნდამენტურ უფლებად არ იქნება აღიარებული, ძნელია ანაზღაურებაში  გენდერულ უფსკრულთან და შრომის ბაზარზე არსებულ ზოგად უთანასწორობასთან ბრძოლა.

ამასთანავე, კვლევის თანახმად, განათლების დონე, გარდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხისა, მამაკაცის ხელფასზე გავლენას არ ახდენს. ამავდროულად, ქალს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მაინც, მისი ხელფასი საშუალო განათლების მქონე  კაცის ხელფასს რომ გაუთანაბრდეს.  როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ნანი ბენდელიანი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, ეს შეიძლება, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ  მაინც აიხსნას  შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაციით. როგორც ამ ცხრილში ჩანს (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით),  შრომის ბაზარზე მკვეთრი მიჯნა არსებობს ქალებისა და მამაკაცებისთვის დამახასიათებელ სექტორებს შორის.

ცხრილი 1. გენდერული სეგრეგაცია შრომის ბაზარზე

ცხრილი 1. გენდერული სეგრეგაცია შრომის ბაზარზე


ქალები ისეთ სექტორებში დომინირებენ, როგორიცაა განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სფერო, მომსახურება და ადმინისტრაცია, ასევე ფინანსები და დაზღვევა. ბენდელიანი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ, მართალია,საფინანსო სექტორში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, მაგრამ, ისინი ძირითადად დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ოპერატორი, კაცებს კი ხელმძღვანელი პოზიციები უკავიათ. იმავდროულად, მამაკაცები სატრანსპორტო, სამშენებლო და თავდაცვის სფეროებში დომინირებენ.

შესაბამისად, ბენდელიანის განცხადებით, ქალები, როგორც წესი, დომინირებენ ისეთ სექტორებში, სადაც მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლება აუცილებელია, მაგალითად განათლების სფერო ან ფინანსები, მამაკაცები კი ისეთ სფეროებში არიან მეტწილად წარმოდგენილი,სადაც მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საჭირო არ არის.

აღსანიშნავია, რომ ის “ქალური” სამუშაო, სადაც დიპლომია საჭირო (ძირითადად საჯარო სექტორში), მაინც უფრო ნაკლებანაზღაურებადია, ვიდრე “კაცური” სამუშაო (ძირითადად კერძო სექტორში).

დისკრიმინაცია გასაუბრებისას

სამუშაოს საპოვნელად ქართველების 44% ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნაცნობებს იყენებს, და მათი თითქმის 2/3, ვინც სამსახურის საშოვნელად ახლობლების წრეს ეყრდნობა, საბოლოოდ მიზანს აღწევს კიდეც. ასეთი არაფორმალური სამუშაო ბაზარი გენდერულ სეგრეგაციაზე თავის ზეგავლენას ახდენს. მკვლევართა განცხადებით, “რადგან ქალებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ქალებთან, მამაკაცებს კი მამაკაცებთან, ასეთ პირობებში რეკომენდაციის საფუძველზე დასაქმება სეგრეგაციას კიდევ უფრო აძლიერებს”.
რადგან ბევრი ქართველი სამუშაოს არაფორმალური გზით ეძებს, გასაკვირი არ არის, რომ გასაუბრება საქართველოში დასაქმებისას გავრცელებული პრაქტიკა არ არის. გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარს ჰქონდა ოდესმე მონაწილეობა მიღებული გასაუბრებაში. მაგრამ, თუ ვინმეს სამუშაოს ძიების პროცესში  გასაუბრება მაინც მოუწია, დიდი ალბათობით მათ ისეთ პირად საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, რაც მათ კარიერასთან კავშირში არ არის. გამოკითხულთა 65%-ზე მეტისთვის, როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის, დაუსვამთ კითხვები მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, 40%-ს კი შვილების რაოდენობა შეეკითხნენ.
ასეთმა კითხვებმა შეიძლება დისკრიმინაციული მიდგომა გამოიწვიოს, რადგან, როგორც ბენდელიანი ამბობს, ოჯახის ყოლა კაცისთვის უპირატესობად ითვლება და ქალისთვის კი ერთგვარ “ნაკლად”. კაცი ოჯახის მარჩენალად აღიქმება, ხოლო ქალისთვის შეიძლება ოჯახი კარიერაში დაბრკოლებად იქნას აღქმული, რადგან მიიჩნევა, რომ იგი, სავარაუდოდ, ოჯახს დააყენებს პირველ ადგილზე, სამუშაოს კი  ნაკლები დროს დაუთმობს.

ტრადიციული გენდერული როლები

შრომითი ანაზღაურების მხრივ საქართველოში არსებული უთანასწორობა შეიძლება აიხსნას გენდერული როლების გავრცელებული აღქმით. 2013 წელს გაეროს განვითარების ფონდმა (UNDP) გამოაქვეყნა კვლევა  საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ქართველები ჯერ კიდევ განიხილავენ ქალის ძირითად ფუნქციად ბავშვების გაჩენასა და ოჯახზე   საყოფაცხოვრებო კუთხით ზრუნვას, მამაკაცის მთავარ დანიშნულებად კი  ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა მიიჩნევა. ამავე დროს, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეალობაში ქალების 30% ოჯახის მარჩენალია, მაგრამ ასეთი სიტუაცია იდეალურად არ ითვლება.
UNDP-ის მონაცემებით, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალებისთვის შესაფერისი პროფესიებია: მასწავლებელი, ექიმი, ფარმაცევტი, ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, მხატვარი, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, პატარა კერძო ბიზნესის მფლობელი, სამუშაო მომსახურების სექტორში და ა.შ. ამავე დროს, კარიერა და “ოჯახის რჩენა” კაცის საქმედ აღიქმება, ქალმა კი თვითრეალიზაცია საკუთარი ოჯახში უნდა განახორციელოს.

 

პანკისის არაფორმალური ლიდერები არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ

$
0
0
mosque_duisi_pankisi

DFWatch

პანკისი, DFWatch – ერთი თვის წინ პანკისის ხეობაში 13 წლის გოგონა მშობლების თანხმობით 23 წლის მამაკაცზე დაქორწინდა. ხეობაში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი არაფორმალური ორგანო, უხუცესთა საბჭო და ახლადშექმნილი ქალთა საბჭო, ამ ფაქტით შეშფოთებულია და მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესაძლო გზებს  განიხილავენ.

პანკისის ხეობაში, ჩეჩენი ლტოლვილების ჩათვლით, ათი ათასამდე მოსახლეა. ისინი მუსლიმები არიან, თუმცა ერთი ნაწილი ტრადიციულ ისლამს მისდევს, მეორე ნაწილს, უმეტესწილად ახალგაზრდებს, ვაჰაბიტებს უწოდებენ, თუმცა მათ არ მოსწონთ ეს, რადგან  მიაჩნიათ, რომ სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარნი.

სოფელ დუისში ორი მეჩეთია. დიდი, წითელი აგურით ნაშენი მეჩეთი ახალგაზრდებისთვისაა, ძველ პატარა მეჩეთში კი ტრადიციული ისლამის მიმდევრები დადიან. მათ შორის ღია კონფლიქტი არ არის, თუმცა ურჩევნიათ, განცალკევებით იყვნენ.

სოფლის ვიწრო ქუჩებზე სიარულისას ქალების და გოგონების უმეტესობა თავსაბურავით დადის, მოხუცები სხედან მაგიდასთან, ლაპარაკობენ, ახალგაზრდა ბიჭები კი მეჩეთის რემონტით არიან დაკავებული.

უხუცესთა საბჭო არაფორმალური, მაგრამ ავტორიტეტული ორგანოა, რომელიც პანკისის ხეობაში ადგილობრივ პრობლემებს წყვეტს, მათ შორის მკვლელობებსა და გვარებს შორის კონფლიქტს. ქალთა საბჭო კი ახალი ორგანოა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ძირითადად ქალთა საკითხებს განიხილავს, მაგალითად ოჯახურ ძალადობას ან ნაადრევ ქორწინებებს.

პანკისში ქალთა საბჭოს წევრებს შევხვდით. მათ 13 წლის გოგონას ამბავი მოგვიყვეს, რომელიც სოფელ ქორეთიდან 23 წლის მამაკაცს გაჰყვა ჯოყოლოში.

იზა ბექაური (DFWatch)

იზა ბექაური (DFWatch)

იზა ბექაური, ქალთა საბჭოს წევრი, ამბობს, რომ პანკისში იშვიათია, მშობელი შვილს დაქორწინებას აძალებდეს, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ისინი მცირეწლოვანი შვილების დაოჯახებას თანხმდებიან.

„მეც მყავს 13 წლის შვილიშვილი და რომ გავიგო, გათხოვდა, შეიძლება თავი მოვიკლა,“ ამბობს იზა ბექაური.

საბჭოს წევრები ყვებიან, რომ ორივე ოჯახი ძალიან ღარიბია. ქმარი არ მუშაობს, გოგონა ჯერ კიდევ ‘ბავშვებთან ერთად ბურთს თამაშობს ბაღში.’ ფიქრობენ, რომ ოჯახი მალე დაინგრევა, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხეობაში.

ქალთა საბჭოს წევრების თქმით, 13 წლის არა, მაგრამ 15-16 წლის გოგონების გათხოვება საკმაოდ ხშირია. ძალიან ხშირად მალევე შორდებიან ქმარს და თავიდან თხოვდებიან, ბოლო წლებში განსაკუთრებით ადვილად ანგრევენ ოჯახებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები არა ჰყავთ.

საბჭოს წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ წესისამებრ მამაკაცის ოჯახი ქალისას ტრადიციისამებრ ‘ფორმალურად’ ერთჯერადად 220 ლარს უხდის.

„სამარცხვინოა, ძალიან მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული ან უნდა დაჯარიმდნენ,“ ამბობენ ისინი.

DFWatch

DFWatch

გულიკო ხანგოშვილი, ასევე საბჭოს წევრი, ფიქრობს, რომ 13 წლის გოგონას მშობლები უნდა დაისაჯონ, რომ ეს მაგალითი გახდეს სხვა ოჯახებისთვის და აღარ გაბედონ მცირეწლოვანი გოგონების გათხოვება.

ფატიმა, რომელიც დუისის მეათე კლასის მოსწავლეა, გვიყვება, რომ მისი თანაკლასელი 15 წლის ასაკში გათხოვდა და სწავლას თავი დაანება. ერთი წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა ჩვილ ბავშვთან ერთად, რადგანაც მისი მეუღლე სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

ქალთა საბჭო დედებთან ინტენსიურად მუშაობას  გეგმავს, რათა დაარწმუნონ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების დაქორწინება არასწორია. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, უხუცესთა საბჭოც ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა კრძალავს ამ ასაკში ქორწილს, არავინ აქცევს კანონს ყურადღებას და სასამართლოშიც არავინ ჩივის.

ქალთა საბჭოს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად კარგი იქნება თუ ხეობაში მცხოვრები თითოეული გვარის ლიდერი ქალთა და უხუცესთა საბჭოებთან  შეიკრიბება და პრობლემის დაძლევაზე იმსჯელებს.

ჩვენ დუისის სკოლას ვეწვიეთ და შევხვდით მის დირექტორს, რომელმაც ჩვენი კითხვების ნაწილი უპასუხოდ დატოვა, თუმცა გვითხრა, რომ დღესდღეობით თუკი ბავშვები სწავლას წყვეტენ, უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ისინი სხვაგან გადადიან საცხოვრებლად, ხოლო არასრულწლოვანთა ქორწინება უკვე იშვიათია. მისი თქმით, მეთორმეტე კლასში 23 მოსწავლეა და უმეტესობა გოგონაა, რომლებიც ბიჭებზე გაცილებით უკეთ სწავლობენ.

როდესაც უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ჯოყოლოში მომხდარ ქორწინებაზე ვკითხეთ, მათ გვითხრეს, რომ ეს ამბავი არ იცოდნენ და ამას უარყოფითად აფასებენ.

უხუცესთა საბჭო (DFWatch)

უხუცესთა საბჭო (DFWatch)

სოლცა ქავთარაშვილი, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ 13 და თუნდაც 16 წელი ძალიან ცოტაა გოგონასთვის, რომ გათხოვდეს და საოჯახო საქმეს მოეჭიდოს.

ზაურ გუმაშვილი კი უმატებს, რომ გამოსავალი იქნება, თუკი ‘სახალხო კანონში’ ცვლილებები შევა და თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, მედიატორული სასამართლო გაიმართება და ის გადაწყვეტს, ვინ და როგორ დაისაჯოს.

სოლცა ქავთარაშვილის აზრით, ქორწინების ასაკი, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანის მომწიფებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ზოგი ადრეულად მწიფდება, თუმცა 13 წელი მაინც ძალიან ადრეა. ხასო ხანგოშვილი ეთანხმება მას, თუმცა მაგალითი მოჰყავს საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ქართველ მეფეს 13 წლის ქალი ჰყავდა ცოლად.

აპალონ გაურგაშვილს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი სერიალების და ტელევიზიის ბრალია.

„მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდას მიექცეს ყურადღება. უნდა ისწავლონ, რომელ ასაკშია კარგი დაქორწინება და რა არის ცუდი ადრე ქორწინებაში,“ გვეუბნება ის, „აი, ეს არის შედეგი ამ თქვენი დემოკრატიის. ყველას ყველაფრის უფლება მივეცით და ნახეთ, სადამდე მივედით, რას აკეთებენ. ხედავთ, დემოკრატიასაც აქვს ცუდი მხარეები.“

2014 წელს გაეროს მოსახლების ფონდმა (UNFPA) საქართველოში ბავშვთა ქორწინების შესახებ  ანგარიში გამოაქვეყნა. ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინება გენდერული ფენომენია, რადგანაც უმეტესად  ადრეულ ასაკში გოგონები თხოვდებიან. ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში ქალების 17 პროცენტი 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული.

ამ მაჩვენებლით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილზეა  ევროპაში, მოლდოვასა (19 პროცენტი) და თურქეთთან (14 პროცენტი) ერთად.

UNFPA წერს, რომ ეს 17 პროცენტიც კი რეალულ სურათს არ ასახავს – 16 წლამდე ქორწინებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან ხშირად ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. ადრეული ქორწინებები უფრო ხშირია მუსლიმთა თემში – აჭარაში, პანკისსა და ქვემო ქართლში, თუმცა მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალით არ შემოიფარგლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების მინიმალური ასაკი არის 18 წელი, თუმცა გამონაკლისის შემთხვევაში მეუღლეები შეიძლება 16 წლისანი იყვნენ. უფრო ადრეულ ასაკში ქორწინება დანაშაულია და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

The post პანკისის არაფორმალური ლიდერები არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ appeared first on Democracy & Freedom Watch.


ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში

$
0
0
სამირა ბაირამოვა. (DF Watch)

სამირა ბაირამოვა. (DF Watch)

მარნეული, DFWatch – „კაცები ფიქრობენ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, არაფერი არ იცის და ეს მისთვის კარგიცაა,“ ამბობს სამირა ბაირამოვა, რომელიც მარნეულში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით  მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი არასრულწლოვანი  გოგონების ნაადრევად გათხოვებისგან დაცვას ცდილობს.

„დედამთილებსაც მოსწონთ ეს, რადგანაც იმედი აქვთ, რომ ისე აღზრდიან ამ გოგონებს, როგორც სურთ და, რასაც უნდათ, იმას ასწავლიან.“

26 წლის სამირა ბაირამოვა გენდერული თანასწორობის მომხრეა. ის ხვდება ახალგაზრდებს სკოლიდან სკოლაში, რათა აუხსნას თითოეულ მათგანს, რა საფრთხის შემცველია ნაადრევი ქორწინება.

საქართველო ნაადრევი ქორწინებების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ევროპულ ქვეყნებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPF) კვლევის თანახმად, ქალების 17 პროცენტი 18 წლამდე თხოვდება. ეს ძირითადად რეგიონებში ხდება, მაგალითად ქვემო ქართლში.

სამირა ბაირამოვას მარნეულის მესამე საჯარო სკოლაში შევხვდით, სადაც ის მერვედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ნაადრევ ქორწინებაზე ესაუბრებოდა.

„არ მოუსმინოთ მშობლებს თუ მათ სურთ, რომ თქვენ დაოჯახდეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა და არა სხვისი,“ თქვა მან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახში, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ სამირას პრეზენტაციას.

ბაირამოვას თქმით, ამ რეგიონში მამაკაცს ცოლი  მეტწილად 23 წლის და უფროსი ასაკიდან მოჰყავს და ჩვეულებრივი ამბავია, როცა ის მეუღლეზე უფროსია 10 წლით და ზოგჯერ მეტითაც.  როცა, მაგალითად, ქმარი 28 წლისაა, ცოლი კი 17 წელზე უმცროსი.

მარნეულში ძალიან იშვიათია, როცა ორივე დაქორწინებული არასრულწლოვანია.

ბაირამოვა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ‘ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’, რომელიც ძირითადად მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებში საქმიანობს, აწყობს შეხვედრებს სტუდენტებსა და სკოლის მოსწალეებთან ძირითადად ადრეული ქორწინების შედეგად გამოწვეულ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ საფრთხეებზე.

სამირა უხსნის მოზარდებს, რომ 15-19 წლის ასაკის გოგონებს გათხოვება საფრთხეს უქმნის, რომ რთული ორსულობა ექნებათ და შეიძლება ბავშვის გაჩენისას პრობლემები შეექმნათ. კიდევ ერთი პრობლემა კი ისაა, რომ ისინი არ ამთავრებენ სკოლას, რაც მათი დასაქმებისას ბარიერს წარმოშობს; ასეთი ქალები დაუცველები არიან და ავტომატურად ხდებიან ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ძალადობისა რისკ–ჯგუფში.

როგორც წესი, ახალგაზრდა ოჯახებს არა აქვთ ნორმალური შემოსავალი, ამიტომაც მათ მშობლები ეხმარებიან, რაც მათ ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში უხეშად ჩარევის ბერკეტს აძლევს.

მარნეულის მე–3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები. (DF Watch.)

მარნეულის მე–3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები. (DF Watch.)

კვლევების მიხედვით, მცირეწლოვანთა ქორწინება უფრო ხშირია რეგიონებში, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა თემებში, როგორიც არის მაგალითად აჭარა, პანკისი, აზერბაიჯანული სოფლები ქვემო ქართლსა და კახეთში.

ერთ-ერთი უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობების (აზერბაიჯანელი და, არკვეულწილად, სომეხი) ქალების 42 პროცენტი ქვემო ქართლში 13-დან 18 წლამდე თხოვდება – 30 პროცენტი გათხოვდა 17-18 წლის ასაკში, 16 პროცენტი – 15-16 წლისა, ხოლო 5 პროცენტი 13-14 წლის ასაკში.

იმავე კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის მოსახლეობის 26.6 პროცენტი მხარს უჭერს გარიგებით ქორწინებას და ეთნიკური აზერბაიჯანელები უფრო უჭერენ მას მხარს, ვიდრე სომხები ან ქართველები.

ზემოთჩამოთვლილი რეგიონების მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ აქ ადგილი აქვს რელიგიის ფაქტორს, თუმცა ბაირამოვა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

მისი აზრით, ეთნიკური აზერბაიჯანელები ძალიან იშვიათად იცავენ რელიგიურ წესებს, ხოლო ნაადრევი ქორწინებები უფრო მეტად გამოწვეულია მოძველებული ადათებითა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით.

რატომ თხოვდებიან გოგონები ასე ადრე? უპირველეს ყოვლისა, სოფლებში ახალგაზრდებს ნაკლები შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც მოზარდ გოგონებს ორ არჩევანს უტოვებს: ან სწავლა ან ოჯახი. ბაირამოვას თქმით, ახალგაზრდებისთვის სოფელში საინტერესო არაფერია, მარნეულშიც არ დადიან, არათუ სხვა ქალაქში და მათი დღე ძირითადად სკოლაში სიარულით და სახლში ყოფნით შემოიფარგლება.

„ისინი ვერაფერს ხედავენ ცხოვრებაში, არა აქვთ ოცნებები, არაფერი…“ გვეუბნება სამირა და მარნეულისა და შემოგარენის ახალგაზრდების  ცხოვრების ფრიად უსახურ და პესიმისტურ სურათს ხატავს.

„ამ ორი გზიდან ისინი ირჩევენ ერთს. თუ სწავლა არ უნდათ, მაშინ თხოვდებიან.“

სოფლებში მეტად ღარიბი ხალხი ცხოვრობს და უმეტესობა ფიქრობს, რომ გოგონებს განათლება არ სჭირდებათ.

„უსწავლელობა ქალთა და გოგონების ხვედრია აზერბაიჯანულ თემში, მათი ადგილი ოჯახშია,“ ამატებს ბაირამოვა.

როგორც DF Watch უკვე წერდა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2011-დან 2013 წლამდე სკოლა 7-ე – 9-ე კლასებში  7,367 გოგონამ მიატოვა. მათი უმეტესობა ქვემო ქართლიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მიტოვების მიზეზები არ სახელდება, ნაადრევ ქორწინებას ამაში შეიძლება ლომის წილი  მიუძღოდეს.

გოგონებში ნაადრევი გათხოვების კიდევ ერთი მოტივაცია შეიძლება უკავშირდებოდეს მათ სურვილს, საკუთარ ოჯახებში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დამოუკიდებლობის ნაცვლად მათ დედამთილ-მამამთილთან, და ქმრის ოჯახის სხვა წევრებთან, ერთად ცხოვრების შეგუება უწვეთ–ხოლმე.

ბაირამოვა იხსენებს მისი ნაცნობი ერთი გოგონას ისტორიას, რომელიც 13 წლის ასაკში გათხოვდა, რადგანაც მშობლებისგან ცალკე ცხოვრება სურდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ მკაცრ დედამთილთან ცხოვრება კიდევ უფრო უარესი იყო.

„ის ახლაც მასთან ერთად ცხოვრობს, ჰყავს ორი შვილი, თუმცა არ არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც მას სურდა.“

სამირას თქმით, აზერბაიჯანული წესის თანახმად, გოგონები ქმრის ოჯახში საცხოვრებლად გადადიან, რაც მათ დამატებით წინააღმდეგობებს უქმნის.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც პატარა გოგონებს გათხოვება სურთ, არის ქორწილის ცერემონიის ხიბლი.

„მათ უბრალოდ სურთ, ჩაიცვან თეთრი კაბა, მიიღონ უამრავი საჩუქარი, ოქროულობა,“ ამბობს სამირა, რომელიც ფიქრობს, რომ გოგონათა უმეტესობა შეცდომას უშვებს, როცა ამ ასაკში ფიქრობენ, რომ ‘ნამდვილი სიყვარული’ იპოვეს.

ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება გოგონებისთვის ქორწილამდე სექსუალურ ურთიერთობას  გმობს, სწორედ ეს ფაქტორი, სექსუალური ურთიერთობის სურვილი, ხშირად დაოჯახების დამატებითი მოტივია–ხოლმე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ქორწინებისთვის კანონიერი ასაკი არის 18 წელი, თუმცა უშვებს გამონაკლისს 16 წლის ახალგაზრდებისთვის. 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან სექსუალური ურთიერთობა დანაშაულად  ითვლება და სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პირველი აპრილიდან კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც კანონდარღვევად ითვლება, თუკი ადამიანს ქორწინებას აძალებენ. ასეთი დანაშაული ისჯება 200-დან 400-საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იმ შემთხვევაში თუ ძალდატანების ობიექტი18 წლამდე  ახალგაზრდაა.

The post ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში appeared first on Democracy & Freedom Watch.

აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს

$
0
0
ბათუმის მეჩეთი (DFWatch)

ბათუმის მეჩეთი (DFWatch)

ბათუმი, DFWatch – აჭარის მთავრობა ადგილობრივი მუსლიმებისთვის ორი შენობის შეძენას გეგმავს. ერთ-ერთში საბავშვო პანსიონი განთავსდება, მეორეში კი სამუფთო რეზიდენცია. გადაწყვეტილების მიზანია, ბათუმის ერთადერთ ორთა ჯამეს მეჩეთში ადგილი გამოთავისფულდეს, რადგანაც ათწლეულებია, მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

მუსლიმ მრევლს ბათუმის მეჩეთის ირგვლივ ქუჩებში უხდება პარასკევობით ლოცვა. ისინი დაახლოებით 30 წელია, ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვენ და სურთ, მიიღონ ნებართვა, რომ ბათუმში მეორე მეჩეთი აშენდეს, თუმცა არც ერთმა მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მთავრობამ გამოსავალის სახით მუსლიმებს ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოება შესთავაზა. მათი აზრით, ეს ყველაზე უფრო ოპტიმალური გამოსავალია და პრობლემას მოხსნის.

მეჩეთის პრობლემის გარდა კიდევ ერთი კონფლიქტი ქობულეთში მოხდა, სადაც მუსლიმებს სურდათ მედრესეს გახსნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას არ მოეწონა, მათ არ სურდათ, სიახლოვეს მუსლიმთა საგანმანათლებლო დაწესებულება ყოფილიყო.

მთავრობამ გადაწყვიტა ორივე პრობლემის ერთად მოგვარება. ის შეიძენს შენობას, სადაც მედრესე განთავსდება, ასევე შენობას, სადაც მუსლიმთა სამმართველო გადავა. ახლა კი სამმართველო ორთა ჯამეშია განთავსებული. ეს კი მეჩეთში ადგილს გამოათავისუფლებს.

(DFWatch)

(DFWatch)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმში არსებულ დიდი ხნის პრობლემას მოხსნის და მომლოცველები მეჩეთში დაეტევიან, რადგანაც სამუფთო რეზიდენცია სხვაგან გადავა. ეს სავარაუდოდ მარტის ბოლოს მოხდება.

ბეგლარ ქამაშიძემ, საქართველოს მუფთმა, DF Watch-ს უთხრა, რომ ამჟამად ბათუმის მუსლიმთა პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

„თუ ესეც არ იქნება საკმარისი, სახელმწიფო გვერდში გვიდგას და ჩვენ სხვა გამოსავალს ვნახავთ,“ გვითხრა მან და დაამატა, რომ ეს საკითხი ადრე უნდა გადაწყვეტილიყო.

მისი თქმით, თუ ორთაჯამეს მეჩეთის გაფართოების შემდეგ ისევ იქნება მუსლიმთა სამლიცველოს საჭიროება, მაშინ ახალი მეჩეთი აშენდება.

ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენად საკმარისი იქნება ადგილი, რომ ყველა მომლოცველი დაიტიოს, ბათუმელი მუსლიმები კი ჯერჯერობით შედეგს ელოდებიან.

The post აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს appeared first on Democracy & Freedom Watch.

86 წლის შემდეგ ბათუმის სინაგოგა ებრაელებს დაუბრუნეს

$
0
0
(სააგენტო 'პირველი')

(სააგენტო ‘პირველი’)

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხუთშაბათს მიღებული  გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სინაგოგა ებრაელთა თემს გადაეცა.

ებრაული თემი ბათუმის სინაგოგის შენობაზე, რომელიც 1904 წელს ცნობილი არქიტექტორის, ლევ ვოლკოვიჩის ნახაზების მიხედვით აშენდა, მმართველობისა და მფლობელობის უფლებას დიდი ხანია, ითხოვდა.

საბჭოთა მთავრობამ ეს სინაგოგა 1929 წელს დახურა. იმ წლიდან მოყოლებული შენობაში  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.

1998 წელს შენობამ თავისი ნამდვილი ფუნქცია აღიდგინა. იმავე წელს გარემონტდა. 2011 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

რელიგიის საკითხთა სააგენტომ ხუთშაბათს ასევე ხულოში  რვა მეჩეთის მფლობელობის შესახებ საქართველოს მუსლიმთა განცხადება განიხილა.

The post 86 წლის შემდეგ ბათუმის სინაგოგა ებრაელებს დაუბრუნეს appeared first on Democracy & Freedom Watch.

წალკა –ბერძნებისგან დაცლილი ქალაქი

$
0
0

წალკა,  DFWatch – წალკაში ადრე 20,000 ბერძენი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ 1,500-მდე მათგანია შემორჩენილი.

დაცარიელებული სახლები (DFWatch)

დაცარიელებული სახლები (DFWatch)

„ჩემი მშობლები, მათი მშობლები, დიდი ბებია და ბაბუა, ყველა საქართველოში დაიბადა. ეს ჩვენი სახლია. სამწუხაროდ, ჩემი შვილები ამ ქვეყნიდან წავიდნენ,“ გვითხტა ჯულიეტა ჩამულიევამ.

ჯულიეტას თავის სასადილოში, „პონტიაში“, შევხვდით, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რომელიც 1992 წელს მისმა მეუღლემ, სლავიკ ჩამულიევმა გახსნა. სასადილო წალკელი ბერძნების შეხვედრის ადგილია, სადაც იხდიან დაბადების დღეებს, ბერძნულ და ქართულ დღესასწაულებს აღნიშნავენ, ან თუნდაც მწუხრისთვის იკრიბებიან.

Photo: ბერძნული რესტორანი „პონტია“ წალკაში. (DF Watch.)

Photo: ბერძნული რესტორანი „პონტია“ წალკაში. (DF Watch.)

წალკის ბერძნული თემის წინაპრები ყარსიდან, თურქეთიდან მოდიან. ისინი 1828-29 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს გადმოასახლეს. ბერძნები რუსებს უჭერდნენ მხარს და იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა, რომ თავი აერიდებინათ ეთნიკური წმენდისთვის, როცა რუსულმა ჯარმა უკან დაიხია.

მომდევნო საუკუნენახევრის მანძილზე, მათ შორის საბჭოთა საქართველოში ბერძნული თემი აყვავდა და ამ მიწაზე ფესვები გაიდგა. 1980-იანი წლების ბოლოს  წალკის 30,000-იანი მოსახლეობიდან 21,000 ბერძენი იყო, გვიყვება ჯონი ჩაკალოვი, ადგილობრივი ეთნიკური ბერძენი.

თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც  1991 წელს საქართველო დამოუკიდებელი გახდა. უმეტესობამ ქვეყანა გაჭირვების გამო დატოვა. ბევრი მათგანი საბერძნეთში წავიდა, სადაც მოქალაქეობა მიიღეს. დღესდღეობით წალკაში მხოლოდ 1,500 ბერძენი ცხოვრობს.

„გაიხედეთ გარშემო. ყველა ეს ნანგრევი ოდესღაც ბერძნების საცხოვრებელი სახლი იყო. მათ მიატოვეს სახლები და აღარ ბრუნდებიან,“ ამბობს მურად ნაკაშიძე, სოფელ ბერთადან, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მურადი გვაჩვენებს უსახურავო, დანგრეულ სახლებს და შიშველ კედლებს ბერთას მიდამოებში.

ჯულიეტა ჩამულიევა

ჯულიეტა ჩამულიევა

თუმცა ბერძნების მიერ მიტოვებული ყველა  სახლი ცარიელი არაა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში წინა მთავრობამ 571 ასეთი სახლი შეიძინა და აჭარისა და სვანეთიდან გადმოსახლებულ ეკო-მიგრანტებს დაუთმო. ვინაიდან ეკო-მიგრანტთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო (დაახლოებით 2,300), მთავრობამ ყველა მათგანი საცხოვრებლით ვერ უზრუნველყო. ამიტომაც, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ზოგიერთი მათგანი ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში პირდაპირ, ასე ვთქვათ, უკანონოდ ჩასახლდა.

2005-2006 წლებში ეკო-მიგრანტებსა და ბერძნებს შორის სახლების მესაკუთრეობის გამო დაპირისპირება იყო. თუმცა, როგორც ჩაკალოვი გვარწმუნებს, ასეთი კონფლიქტები ახლა აღარ ხდება. ის ამბობს, რომ მან იცის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც სასამართლომდე მიაღწია, თუმცა ეს ‘მხოლოდ გამონაკლისებია.’

ბერძნული საყდარი წალკაში

ბერძნული საყდარი წალკაში

მარტივად რომ ითქვას, ბერძნები უკან აღარ ბრუნდებიან.

„აქ მათთვის არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ სახლები ახლაც არის, 15-20 წლის შემდეგ ეს შენობები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, (თუ ჩამოვლენ)  სულ თავიდან მოუწევთ ცხოვრების  დაწყება,“ გვიხსნის ჩაკალოვი, რომელიც ბერძენთა თემის კომიტეტის თავმჯდომარეა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ჯულიეტა ჩამულიევა თავის რესტორან „პონტიაში“

ჯულიეტა ჩამულიევა თავის რესტორან „პონტიაში“

მიუხედავად ამისა, ისინი სტუმრად მოდიან ხოლმე. სალონიკიდან წალკამდე კვირაში სამჯერ ავტობუსი დადის. ახლა კი სტუმრებს წალკაში სააღდგომოდ ელოდებიან, რადგანაც, როგორც წესი, ამ დღესასწაულზე ბევრი მოდის, რომ ახლობლების საფლავებს ეწვიონ და ჩამულიევას სასადილოს უგემრიელესი კერძები მიირთვან.

The post წალკა – ბერძნებისგან დაცლილი ქალაქი appeared first on Democracy & Freedom Watch.

ჰომოფობია საქართველოში: არის თუ არა ქართული ტოლერანტობა მითი?

$
0
0
Photo: ლევან ბერიანიძე (მარჯვნიდან), თამთა მიქელაძე, ანა ლობჟანიძე

Photo: ლევან ბერიანიძე (მარჯვნიდან), თამთა მიქელაძე, ანა ლობჟანიძე

საქართველოში უყვართ ტოლერანტობაზე, როგორც ეროვნული ცნობიერების ნაწილზე საუბარი, თუმცა უნარი იმისა, რომ მიიღონ და იცხოვრონ მათგან განსხავებულ ადამიანებთან ერთად მთავრდება იქ, სადაც გეი, ლესბოსელი და სხვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ქართველთა მხოლოდ 16 პროცენტი ფიქრობს, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები დაცული უნდა იყოს.

DF Watch ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგნელ ლევან ბერიანიძეს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელ თამთა მიქელაძესა და სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ანა ლობჟანიძეს საქართველოში ჰომოფობიასა და ლგბტ თემის დისკრიმინაციის შესახებ ესაუბრა. 

ყოველდღიური ძალადობა

 

ლევან ბერიანიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, რაც ნათლად გამოჩნდა 2013 წლის 17 მაისს. ის ამბობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას და დისკრიმინაციას ოჯახში, სამუშაოზე, საჯარო დაწესებულებებში და სხვაგან. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის სიხშირე შედარებით დაბალია, რადგანაც „ეს ადამიანები არ ჩანან.“

ალბათ,ფიზიკური ძალადობის  ყველაზე მასშტაბური აქტი ლგბტ თემისა და მათი უფლება-დამცველების მიმართ მოხდა მაშინ, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგემილი აქციის დღეს მათ განრისხებული ადამიანების ჯგუფმა შეუტია, რომელთა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ. ამ დღეს იყვნენ დაშავებულებიც. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, თუმცა ძალადობისთვის არავინ დასჯილა.

კანონმდებლობა

 

გასულ რამდენიმე წელიწადში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა – კერძოდ, რამდენიმე კანონში ანტიდისკრიმინაციული შესწორებები შეიტანა, სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კონცეფცია დაამკვიდრა და 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

როგორც ლობჟანიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე ლგბტ თემი დაცულია, რეალობაში სულ სხვა რამ ხდება.

2014 წელს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში 153 საჩივარი  შევიდა, მათ შორის 22 განცხადების ავტორი ტრანსგენდერი ადამიანები იყვნენ.

„ტრანსგენდერი სექს-მუშაკები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ისინი აწყდებიან ადამიანთა უფლებების დარღვევას პოლიციის მხრიდანაც კი,“ გვეუბნება ლობჟანიძე.

თამთა მიქელაძე კი ამბობს, რომ ლგბტ თემი დისკრიმინაციის ერთადერთი მსხვერპლი არაა.

„ქალები, უცხოელები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა ჯგუფები ასევე აწყდებიან ზეწოლასა და დისკრიმინაციას,“ ამბობს მიქელაძე და ამატებს, რომ ქართული ტოლერანტობა მითია.

სახალხო დამცველის შეზღუდული ძალაუფლება

 

ჩვენი სამივე რესპონდენტი თანხმდება, რომ 2014 ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პოზიტიური ნაბიჯი იყო. თუმცა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღების მიზეზი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების პროცესში ბრიუსელის მოთხოვნა იყო.

„რომ არა ეს მოთხოვნა, შეიძლება, ეს კანონი საერთოდაც არ ყოფილიყო,“ თქვა თამთა მიქელაძემ.

ბერიანიძის განცხადებით, ამ კანონის აღსრულების მხრივ სიტუაცია გაცილებით მძიმეა, რადგან  მთავარი მეთვალყურის, სახალხო დამცველის უფლებები და რესურსები ძალიან შეზღუდულია.

ბერიანიძეს მოჰყავს მაგალითი, როცა რამდენიმე კვირის წინ ლესბოსელ წყვილს უარი უთხრეს „მაკდონალდსში“ მომსახურებაზე.

„იდენტობამ“ ისინი სახალხო დამცველის ოფისში გადაამისამართა, რომელმაც „მაკდონალდსს“ მიმართა და იმ დღის ვიდეოჩანაწერი მოთხოვა, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, რაზეც სახალხო დამცველმა უარი მიიღო. არადა, ჩანაწერი ლეგალურად მოთხოვნის ძალაუფლება მას არა აქვს.

კანონის მიხედვით, სახალხო დამცველს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია, როგორც მედიატორს კონფლიქტის მხარეებს შორის, და არ შეუძლია, რომ დამნაშავე თუნდაც დააჯარიმოს.

The post ჰომოფობია საქართველოში: არის თუ არა ქართული ტოლერანტობა მითი? appeared first on Democracy & Freedom Watch.

“ჩვენ კარგად ვართ”–სირიაში გაპარული პანკისელი ბიჭები ოჯახებს დაუკავშირდნენ

$
0
0
(კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

(კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

პანკისიდან სირიაში საბრძოლველად გაპარული ორი ბიჭი მშობლებს პირველად დაუკავშირდა და თავიანთი პირველი ფოტოც გამოგზავნეს.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ.

მათ საქართველო 2 აპრილს დატოვეს და თურქეთში გაფრინდნენ, საიდანაც სირიაში გადავიდნენ.

სანამ მოულოდნელად გაუჩინარდებოდნენ, მუსლიმი და რამზანი  პანკისის სკოლაში სწავლობდნენ, ახლა კი ერთ-ერთ ბანაკში სამხედრო მომზადებას გადიან.

როგორც ნათესავები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მშობლებს თხოვა, უკან დაბრუნებაში დახმარებოდნენ.

„დაბრუნება უნდა,“ უთხრა კუშტანაშვილის ბებიამ, თინა ალხანაშვილმა პირველ არხს, „ნამდვილად უნდა დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება.“

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ახალგაზრდებმა გამოგზავნეს. ისინი სამხედრო ფორმაში არიან და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” შავი დროსშის ფონზე, ავტომატებით ხელში პოზირებენ.

პანკისის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ხეობაში საქმიანობს ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებს სირიაში საბრძოლველად იბირებს. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ძალიან საშიშია და ეს ჯგუფი სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს.

სულ მცირე უკვე ათი პანკისელია დაღუპული სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს. ადგილობრივთა უმეტესობა ამას “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ უმაღლეს სამხედრო მეთაურს, თარხან ბათირაშვილს, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის აბრალებს, რომელიც წარმოშობით ასევე პანკისიდან არის.

The post “ჩვენ კარგად ვართ” – სირიაში გაპარული პანკისელი ბიჭები ოჯახებს დაუკავშირდნენ appeared first on Democracy & Freedom Watch.

სომხები წალკაში უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ჯავახეთში

$
0
0
წალკა (DFWatch)

წალკა (DFWatch)

წალკა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, დასახლებულია ეთნიკური სომხებით, ბერძნებით, აზერბაიჯანელებითა და ქართველებით, მეტწილად აჭარიდან გადმოსახლებული ეკო-მიგრანტებით.

ლევონ აკოფიანი, სოფელ ჩივთქილისიდან, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობს, გვიყვება, რომ სომეხთა უმეტესობა წალკაში 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს გადმოსახლდა. მათი ძირითადი ნაწილი ბერძნებთან ერთად ყარსიდან ჩამოვიდა.

ამჟამად წალკის 13 სომხურ სოფელში დაახლოებით 5,000 სომეხი ცხოვრობს. რაიონში კიდევ ოთხი აზერბაიჯანული სოფელია. დღესდღეობით აქ 1,500-მდე ბერძენი შემორჩა. მათი უმეტესობა საქართველოდან პოლიტიკური არეულობის დროს, 1990-იან წლებში წავიდა.

ლევონის თქმით, სომეხთა უმეტესობა წალკაში თავს უკეთესად გრძნობს, ვიდრე ჯავახეთში, სადაც სომხებს პრობლემები დროებით მოქალაქეობისა და დასაქმების მხრივ ექმნებათ.

„ჩემი აზრით, აქ ასეთი პრობლემები საერთოდ არ არის. ძალიან კარგად ვართ ჯავახეთთან შედარებით. ყველაფერი მშვიდად და კარგად არის,“ ამბობს ის.

გრიგოლ ელისბაროვი, რომელიც სოფელ თრიალეთიდანაა, ლევონს ეთანხმება. მისი თქმით, წალკის სომხებს სერიოზული პრობლემები არ აქვთ, თუმცა წელს მათ კარტოფილის გაყიდვა გაუჭირდათ. კარტოფილი კი აქაური მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო და მათი სიამაყეა. მას  ხუმრობით  ‘წალკის მწვადსაც’ კი ეძახიან.

როგორც წესი, აქაური კარტოფილის მოსავლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში იყიდება, თუმცა წელს აზერბაიჯანმა  საქართველოსგან კარტოფილი არ იყიდა.

წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანმა წელს კარტოფილი უკრაინისგან უფრო იაფად შეიძინა. ამიტომ ხალხს მოუხდა, მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე გაეყიდა. საშუალოდ, ამ რაიონში წელიწადში 70,000 ტონამდე კარტოფილის მოსავალი მოდის.

„სომხები აქ ძირითადად მეკარტოფილეობას ან მესაქონლეობას მისდევენ. მეტი რა უნდა ვაკეთოთ? წელს საერთოდ ვერ გავყიდეთ კარტოფილი. კლიენტი არ არის,“ ამბობს ლევონი.

გრიგორი ელისბაროვი და ლევონ აკოფიანი (DFWatch)

გრიგორი ელისბაროვი და ლევონ აკოფიანი (DFWatch)

გრიგორი კი გვიხსნის, რომ წალკის კლიმატი ბევრად მკაცრია, ვიდრე სხვა რეგიონებში. იქ გლეხები უკვე მწვანილს ყიდიან, როცა წალკაში ჯერ კიდევ თოვლია. ამიტომაც აქ ირჩევენ, რომ კარტოფილი გააშენონ ან საქონელი ჰყავდეთ და რძის პროდუქტით ივაჭრონ.

წალკაში რძის პროდუქტების მწარმოებელ  რამდენიმე მსხვილ კომპანიას წარმომადგენლობა აქვს, მათ შორის ‘ეკოფუდსა’ და ‘სანტეს.’ აქ მუშაობს ოთხი რძის გადამამუშავებელი ქარხანა 12 ჩაბარების პუნქტით. ზაფხულის დღეებში დღის განმალობაში ზოგჯერ 50 ტონაზე მეტი რძე ბარდება.

ლევონიცა და გრიგორიც ამბობენ, რომ წალკაში მცხოვრებ სომეხთა უმეტესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის, და არა სომხეთში.

„ვინ წავა ახლა სომხეთში? კარგად იცით, რომ იქ საქართველოზე უარესი სიტუაციაა,“ ამბობს გრიგორი, „აქ დავივადე და გავიზარდე, ყველა აქ მყავს, რატომ უნდა წავიდე სადმე? ეს არის ჩემი სამშობლო.“

წალკაში მცხოვრები სხვა სომხებისგანგანსხვავებით, გრიგორი ახალქალაქიდან 1941 წელს ჩამოვიდა. მისი თქმით, იქ გერმანული სოფელი იყო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ყაზახეთში გადაასახლეს და სოფელი დაცარიელდა.

წალკა (DFWatch)

წალკა (DFWatch)

„მაშინ გამოაცხადეს, რომ ვინც კი წავიდოდა იქ და დასახლდებოდა, ომში არ გაიწვევდნენ. ჩვენები წავიდნენ და დასახლდნენ. იცხოვრეს ნახევარი წელი და შემდეგ ყველა მათაგნი ომში მაინც წაიყვანეს. მოატყუეს,“ ყვება გრიგორი. „ექვსი ბიძა მყავდა. ყველა გამოიძახეს. ორი დაბრუნდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, დანარჩენ ოთხს რა ბედი ეწია.“

ახლა სოფელ თრიალეთში ცხოვრობს სხვა სომხებსა და აჭარელ ეკო-მიგრანტებთან ერთად. მის სოფელში დაახლოებით 50-მდე სომხური ოჯახია და გაცილებით მეტი ეკო-მიგრანტი.

ბევრისთვის, უმეტესად უფროსებისთვის, პრობლემა ის არის, რომ მათ ქართული არ იციან. ბავშვები კი ქართულს ადრეული ასაკიდან სწავლობენ. სომხურ სოფლებში სომხური სკოლებია და ქართულ ენას ერთ-ერთ საგნად ასწავლიან.

„ქართულს ისე ვსწავლობთ, როგორც უცხოურ ენას საკუთარ სამშობლოში, უცნაურია.“

როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი, ლევონი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეთა უმეტესობა მასთან გზის ან წყლის პრობლემის გადაჭრის თხოვნით მოდის-ხოლმე, ზოგიც კი მოსავლის გაყიდვაში ითხოვს დახმარებას.

The post სომხები წალკაში უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ჯავახეთში appeared first on Democracy & Freedom Watch.


ქუჩების ბატონ-პატრონები და მათი დიდი შავი მანქანები

$
0
0
Photo from the campaign

Photo from the campaign

დასავლეთ ევროპის ქალაქებში სამოძრაოდ ხალხი პატარა, ეკონომ-კლასის მანქანებს ირჩევს, თბილისი კი სავსეა უზარმაზარი ჯიპებით, რომლებიც ქალაქგარეთ, უგზოობაზე გადაადგილებისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე დედაქალაქის აუტანელი საცობების გავლით სამსახურში სასიარულოდ.

ამ ზორბა მანქანებს ‘ყოვლისშემძლე’ მძოღლები მართავენ, რომლებიც ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე აჩერებენ საკუთარ ‘ტროლეიბუსებს’ ძველ უბნების ვიწრო ქუჩებში, რათა მაღაზიაში ‘ერთი წუთით’ გადავიდნენ ან კიდევ შუა ტროტუარზე აყენებენ მანქანას ისე, რომ საცოდავ გამვლელს ფეხით სასიარულო გზა პრაქტიკულად არ რჩება, რომ არაფერი ვთქვათ, ეტლზე მიჯაჭვულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ან დედებზე, რომლებიც თავიანთ პატარებს საბავშვო ეტლებით ასეირნებენ.

ეს მძღოლები საკუთარ სიმართლეში ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, მაშინაც კი, როდესაც სიჩქარეს მყისეულად უმატებენ ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გზიდან გადახტომას აიძულებენ ან საერთოდ აიგნორებენ ზებრა-გადასასვლელს.

რატომ არის აგრერიგად მნიშვნელოვანი, გყავდეს ყველაზე დიდი მანქანა სამეზობლოში? ერთ შესაძლო ახსნას საბჭოთა წარსულისკენ მივყავართ. მაშინ მანქანა სტატუსის სიმბოლოზე ბევრად მეტი იყო, რადგან ის მკაცრად რეგულირებულ საზოგადოებაში ადამიანის პერსონალური ავტონომიის ხარისხს წარმოაჩენდა.

უკრაინელი ეკონომისტი სვეტლანა რეპინა პოსტ-საბჭოთა უკრაინაში  მოხმარების თვალშისაცემი კულტურის შესახებ თავის ნაშრომში  წერს, რომ ძვირადღირებული ნივთების ფლობის წყურვილი კაპიტალის პირველადი დაგროვების პერიოდებში ჩნდება. 70-წლიანმა მმართველობამ მთლიანად მოსპო  ‘ძველი ბურჟუაზია’ (ანუ ოჯახები, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი წლების განმავლობაში და ფლობენ დიდ კაპიტალს), ვისაც არ სჭირდება, ამტკიცოს თავისი ფინანსური და სოციალური სტატუსი ძვირადღირებული ნივთებით, რადგანაც კუთვნილება ამა თუ იმ ოჯახისადმი თავისთავად წარმოჩენს საზოგადოებაში მათ ადგილს, წერს რეპინა. თუმცაღა ახალი ბურჟუაზია, პირიქით, სტატუსის განსამტკიცებლად დამოკიდებულია, ან მიიჩნევს, რომ დამოკიდებულია, ძვირადღირებულ ნივთებზე, რათა გაამყაროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და გამოეყოს ღარიბებს, რომელთაც ასეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.

Photo from the campaign

Photo from the campaign

მდიდარ ქვეყნებში, სადაც საშუალო კლასი დიდია და ძლიერი, სოციალური სეგრეგაცია ნაკლებად შესამჩნევია და მდიდრებს არ სჭირდებათ, ყოველ წამს ამტკიცონ მათი სტატუსი ძვირადღირებული ნივთების წარმოჩენით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველები (ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები) ცდილობენ მათი რეალური თუ წარმოსახვითი სოციალური სტატუსი გარშემომყოფებს ძვირფასი მანქანების დემონსტრირებით დაანახონ, მაშინაც კი, როცა რეალურად ამის საშუალება ხშირად არც კი გააჩნიათ.

ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში არის 700-დან 800 ლარამდე (731 ლარი 2013 წელს). თუმცა სხვა კვლევები აჩვენებს, რომ თბილისელთა 34 პროცენტს საერთოდ არ აქვს პერსონალური შემოსავალი და მხოლოდ 11 პროცენტი გამოიმუშავებს 700 ლარზე მეტს თვეში.

ამიტომაც, სხვისთვის ‘თვალებში ნაცრის შესაყრელად’ ერთადერთი გზაა, მეგობრებისგან, ოჯახისგან ან ბანკისგან ფულის სესხება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ათი წლის გამავლობაში ქართველებმა ისესხეს 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საშუალებების, ძირითადად – მობილური აპარატების, შესაძენად, რაც ხშირად ასევე ‘სტატუსური ნივთის’ ფუნქციას ასრულებს-ხოლმე. გასულ წელს მათ 200 მილიონი ლარი ისესხეს, ხოლო 2013 წელს კი 300 მილიონი.

ქართველთა ერთ ნაწილს კი ეს ყველაფერი მობეზრდა. რამდენიმე თვის წინ გარემოს დამცველთა ჯგუფმა „ახალგაზრდა მწვანეები“ დაიწყო სოციალური კამპანია ლოზუნგით – ‘დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ’, რომელიც გიგანტური, მოუხერხებელი და ეკოლოგიურად საზიანო მანქანების მოყვარულთა ‘გამოსაფხიზლებად’ არის მიმართული.

კამპანიის მონაწილეები ამ წარწერით სტიკერებს თბილისის ქუჩებში აკრავენ და იღებენ ფოტოებს, სადაც დიდი მანქანის მფლობელი კაცების ‘ღირსებას’ დასცინიან.

ეკა მღებრიშვილი, კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ ამ აქციას ჯერ შესამჩნევი შედეგი არ ჰქონია, თუმცა საჯარო დისკურსის გამოწვევა უკვე მოახერხა.

„ზოგიერთს საშინლად არ მოეწონა ეს. ისინი გაბრაზდნენ და შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ჩვენ მიერ პენისის ზომაზე მითითების გამო, რადგანაც, როგორც ჩანს, მათ ჩვენი მანიფესტი არ წაუკითხავთ. თუმცა მეორე ნახევარმა ეს გაიგო და მხარი დაუჭირა.“

ცხადია, თბილისის ქუჩების ‘მეფეებს’ მხოლოდ სტიკერები და ონლაინ-ფოტოები ქუჩებიდან ვერ დააფრთხობს, თუმცა ვინ იცის…

 

The post ქუჩების ბატონ-პატრონები და მათი დიდი შავი მანქანები appeared first on Democracy & Freedom Watch.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გადმოცემაზე პასუხი კვლავ არ მიუღიათ

$
0
0
(Facebook)

(Facebook)

საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივ დევნას ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე აგრძელებს და მხოლოდ ერთჯერადი განცხადებებით შემოიფარგლება.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველია,  აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მაშინ  აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ  აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილის დაკავება სთხოვა, რაზეც ბაქოდან უარი მიიღო.  მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გააკეთა საქართველოს პროკურატურამ განმარტება, რომ მათ მართლაც მიმართეს აზერბაიჯანულ მხარეს,  მაგრამ უარი კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.

ამ ამბიდან  რამდენიმე დღეა გასული და DFWatch-ს პროკურატურაში ისევ უთხრეს, რომ პასუხი ისევ არ მიუღიათ. ამასთან, ისინი ვერაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, დამატებით რაიმე ქმედებას გეგმავენ  თუ არა.

ასევე, როგორც ჩანს, არანაირ რეაგირებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც DFWatch-ს უთხრეს, რომ  ამასთან დაკავშირებით  არანაირი განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

ახლა, როცა ცხადია, რომ ქვეყანამ, რომელთანაც საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს, მის მიმართვას იგნორირება გაუკეთა, უცნობია, აპირებს თუ არა ოფიციალური თბილისი ამ საქმეს მისდიოს. ჩვეულებრივ, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე პირის დაკავებას სთხოვს, ან მისი მოთხოვნა სრულდება ან შესაბამისი ახსნა-განმარტება კეთდება-ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან  იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამოიღო, რომელიც ახლა უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში ეხმარება.

მანამდე რამდენიმე ქვეყანამ ასევე უარი უთხრა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შეეხებოდა, რომლის გადმოცემაზეც უარი საბერძნეთის სასამართლომ თქვა.

The post პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გადმოცემაზე პასუხი კვლავ არ მიუღიათ appeared first on Democracy & Freedom Watch.

სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში 25,000 გოგონა „გაქრა“

$
0
0

first_baby_a_girl_born_at_Patriarchy_maternity_ward_2011-03-03საქართველოს ოჯახების 46 პროცენტი ისურვებდა, რომ გოგოს ნაცვლად ბიჭი ჰყოლოდათ (9 პროცენტს, პირიქით, გოგონა ურჩევნია), ხოლო ბევრი ქალი აღიარებს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი ერთხელ მაინც გაუკეთებია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის (UNFPA) ინფორმაციით, საქართველოში  სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლების პერიოდში დაახლოებით 25,000 გოგონა „გაქრა.“ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის 40,000-მდე გაიზრდება, 2050 წლისთვის კი – 80,000-მდე, წერს UNFPA.

როგორც წესი, ბევრ ოჯახში, მითუმეტეს იქ, სადაც მამაკაცი ოჯახის უფროსია, მიაჩნიათ, რომ ‘გვარის გამგრძელებლად’ აუცილებელია ერთი ბიჭი მაინც ჰყავდეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს, რატომ ისურვებნდენ ბიჭს და არა გოგოს.

UNFA-მ საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ქვეყანაში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ეხება.

კველვის მიხედვით, 2008-2012 წლებში საქართველოში ახალშობილთა სქესის გადანაწილება იყო 112 ბიჭი 100 გოგონაზე იმ დროს, როცა გლობალური ბუნებრივი თანაფარდობა არის 105 ბიჭი 100 გოგოზე.

სიტუაცია ბოლო წლებში გამოსწორდა და ბუნებრივ თანაფარდობას მიუახლოვდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2014 წელს შეადგინა 107 ბიჭი 100 გოგოზე.

ავტორები ფიქრობენ, რომ საჭიროა გენდერული დისბალანსის მონიტორინგი დაბადებისას, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა ოჯახებსა და საზოგადოებაში.

კვლევა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

The post სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლებში 25,000 გოგონა „გაქრა“ appeared first on Democracy & Freedom Watch.

NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკურმა პრობლემებმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწონა

$
0
0
Presentation of the poll (NDI)

Presentation of the poll (NDI)

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებს, – ასეთია  NDI-ის ბოლო  სოციოლოგიური  კვლევის შედეგი.  აქამდე კი მოსახლეობა ყველა კვლევაში ნომერ პირველ ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ასახელებდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა დაძლია.

NDI-მ სოციოლოგიური კვლევის  პრეზენტაცია ორშაბათს გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევის  სოციალური ნაწილი. პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაცია ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში  ჩატარდა და  საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგებიდან ყველაზე მოულოდნელი ეროვნული საკითხები გახდა, რადგან აქამდე ნომერ პირველ  ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სახელდებოდა. ახლა კი ამ  თემამ 27%-ით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ სამ ადგილს კი სოციალური და ეკონომიკური საკითხები იკავებს.

შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი – 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27% – ტერიტორიულ მთლიანობა, 21% – პენსიები, 17%- ხელფასები, ასევე 17% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვა, 12% – რუსეთთან ურთიერთობა, 10% – განათლებას და ა.შ.

“ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მოსახლეობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის სხვა საკითხებმა გადაფარა,” – განაცხადა NDI-ს დირექტორმა, ლორა თორნტონმა.

თუმცა, როგორც „დფვოჩთან“  ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, „ეს  ამ ხელისუფლების უუნარო ქმედების შედეგია“.

„ერთი მხრივ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა ეკონოკური ზრდისთვის და სწორედ ამან განაპირობა  მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც, ცხადია, წინა რიგში წევს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. მეორე მხრივ კი, ამას ემატება ხელისუფლების პოლიტიკა  რუსეთთან მიმართებაში,“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყოფილი მმართველი ძალაა და  დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე ძლიერ ოპოზიციას წარმოადგენს,  მოქმედ ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს როგორც  სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე რუსეთთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკასა და ზოგადად  სუსტ  საგარეო პოლიტიკაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კვლევის თანახმად,  მოსახლეობის უმეტესობა თვლის, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ახორციელებს. ასე გამოკითხულთა 50% ფიქრობს. 45%-ს კი მიაჩნია, რომ  ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

რაც შეეხება შეკითხვას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს განახორციელებდა თუ არა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 51%-ის აზრით, ეს ასე არ იქნებოდა, 22% კი – აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება.

ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებიდან კი მოსახლეობა ყველაზე მეტად  დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით არის კმაყოფილი.

კვლევაში მეორე მიმართულება დემოკრატიულ საკითხებს ეთმობა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

ამასთან,  გამოკითხულთა უმეტესობა – 43%  ფიქრობს,   მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ.

მესამე მიმარტულება კი საგარეო პოლიტიკის მიმართუელბას ეთმობა.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია. თუმცა, გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა წინა კვლევებთან შედარებით გაზრდილია.

შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში,  დადებითი პასუხი 31 %-მა გასცა. 41 %-მა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს ან აირჩიეს კატეგორია “არ ვიცი”.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი,  გამოკითხულთა უმეტესობა –  65% დადებითად აფასებს, 20%-თვის კი ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68%-თვის, მიუღებელი კი 16%-თვისაა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს,  თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,  მას “სრულად ეთანხმება” 11 % და “ეთანხმება” 15 პროცენტი. არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 6 %,  არ იცის  17%-მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

The post NDI: საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკურმა პრობლემებმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწონა appeared first on Democracy & Freedom Watch.

სუმა ჩაკრაბარტი: EBRD სრულად უჭერს მხარს საქართველოს „ეროვნული ბანკის“ მონეტარულ პოლიტიკას

$
0
0
EBRD-ის პრეზიდენტი  სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს „ეროვნული ბანკის“ საქმიანობას  დადებითად აფასებს

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს „ეროვნული ბანკის“ საქმიანობას დადებითად აფასებს

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ უფასურდება და  იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ამ საკითხს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს, მაინც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტს ადანაშაულებს არასწორი პოლიტიკის გატარებაში.

საქართევლოში მყოფმა  EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ კი განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას.

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, რაც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, ისევ გრძელდება.   იანვრისთვის კურსის ვარდნის შეჩერება ცოტა ხნით მოხერხდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ლარის  კურსის ვარდნა გრძელდება და  ბოლო წლების განმავლობაში ყევლაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  1 აშშ დოლარი უკვე 2,37 ლარზე მეტია მაშინ, როდესაც ჯერ კდიევ 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, 1 სშ დოლარი 1,75 ლარი იყო. მანამდე კი წლების განამვლობაში 1 აშშ დოლარი  1,65 ლარის ნიშნულზე მერყეობდა.

ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნას პრობლემას არ მიიჩნევს და კეთდება განცხადებები, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია, რის გამოც ხელისუფლებას ეკონომიკური ექსპერტების დიდი ნაწილი და ხელისუფლების ოპონენტები მწავვედ აკრიტიკებენ.

სავალუტო კრიზისის ფონზე ფინანსთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, არსებობს თუ არა ანტიკრიზისული სამთავრობო გეგმა. ნოდარ ხადურს გაუფასურების შესაჩერებლად EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის იმედი აქვს. ეს შეხვედრა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში  თბილისში იმართება, უკვე დაწყებულია და EBRD-ის პრეზიდენტი შეხვედრებსაც მართავს.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გადამეტებულ მოლოდინზე საუბრობს ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი. მათი შეფასებით, რეალური შედეგის დანახვა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება შესაძლებელი და ღონისძიების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ლარის კურსს ვერ დაასტაბილურებს. ექსპერტთა აზრით, ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილური ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს.

როგორც ფინანსურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია  „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, „ეს არის ძალიან ზედაპირული ნათქვამი, რადგან კრიზისი გაცილებით ღრმაა და მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეთი ღონისძიებები, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, პრობლემას მოაგვარებს, ძალიან არასერიოზულია“.

ამასთან, როდესაც ლარის კურსზე კეთდება ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, ყოველთვის ხდება აპელირება იმაზე, რომ  მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი „ეროვნული ბანკია“ და  მის პრეზიდენტს არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლების ამ პოზიციას  ფინანსურის საკიხების ექსპერტთა დიდი ნაწილი და ასევე ხელისუფლების ოპონენტები იმით ხსნიან, რომ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი  ჯერ კიდევ მაშინ დაინიშნა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ქართული კანონმდებლობით, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნა რთულია, რადგან ის კონკრეტული ვადით, 7 წლით ინიშნება და მოხსნა შეუძლებელია, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დანაშაულს არ ჩაიდენს.  „ეროვნული ბანკის“ დღეს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წელს ეწურება.

„ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი  EBRD-ის ვიზიტის გამო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. გიორგი ქადაგიძე ხმაურიან გამოსვლას პარლამენტში გეგმავს.

გიორგი ქადაგიძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ კი EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, რომ  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“  სრულად უჭერს მხარს  საქართველოს „ეროვნული ბანკის“ მონიტარულ პოლიტიკას.

ჩაკრაბარტის შეფასებით, სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს „ეროვნული ბანკი“  ახორციელებს.

მისივე თქმით, გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსის და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა.

ამასთან, მან გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალურ ბანკირად აღიარება მიულოცა. (ქადაგიზე 2014  წლის ეროვნულ ბანკირად გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Bankir-მა იანვარში დაასახელა. ის  149 ქვეყნის წარმომადგენელს შორის შეარჩია. გადაწყვეტილების მიღებისას კი მთავარი კრიტერიუმი ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობა და მდგრადობა გახდა).

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მისთვის და საქართველოს „ეროვნული ბანკისთვის“, არამედ ქვეყნისთვის. ეს არის აღიარება, რომ ქვეყანაში ძლიერი და გამართული საბანკო სისტემა არსებობს. რაც მიანიშნებს, რომ „ეროვნული ბანკი“ კომერციულ საბანკო სისტემას კარგად არეგულირებს,” –  განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა გამართულია და კაპიტალიზაციის დონე მაღალია.

თავის მხრივ კი, EBRD  საკუთარ ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებს. EBRD-ს საქართველოში განსახორციელებლ პროექტებში 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული.

 

The post სუმა ჩაკრაბარტი: EBRD სრულად უჭერს მხარს საქართველოს „ეროვნული ბანკის“ მონეტარულ პოლიტიკას appeared first on Democracy & Freedom Watch.

Viewing all 904 articles
Browse latest View live